воскресенье, 13 июля 2014 г.

იტალიელმა ონკოლოგებმა პაციენტების გამოსაკვლევად ”მინი-ზონდი” შექმნეს

იტალიელმა ონკოლოგებმა პაციენტების გამოსაკვლევად ”მინი-ზონდი” შექმნეს

იტალიელი ექიმების საოცარმა გამოგონებამ სამედიცინო სფეროს განსაკუთრებული
ყურადღება მიიპყრო: ტაბლეტ-კაფსულის სახის ზონდი საყლაპავში მოხვედრის შემდეგ იკვლევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კედლებს ონკოლოგიური წარმონაქმნების გამოვლენის მიზნით.

კაფსულა წყლის რამდენიმე ყლუპთან ერთად ხვდება პაციენტის ორგანიზმში და ახორციელებს მონიტორის ეკრანზე მკვეთრი გამოსახულებების გადაცემას პოლიპებისა და სიმსივნეების ძიების პერიოდში. საერთაშორისო ექსპერიმენტული პროექტი, რომლის მთავარ ორგანიზაციას რომის აგოსტინო ჯემელის სახელობის კათოლიკური ჰოსპიტლის ონკოლოგიური განყოფილება წარმოადგენდა, უახლოეს მომავალში უარს იტყვის შრომატევადი და პაციენტისთვის ნაკლებად სასიამოვნო კოლონოსკოპიის პროცედურაზე.

300 პაციენტის ექსპერიმენტული გამოკვლევის იმედისმომცემი შედეგები ენდოსკოპიური ლაბორატორიის ხელმძღვანელის ჟულიო კოსტამანიანისა და მისი ასისტენტის ქრისტიანო სპადის მიერ გამოქვეყნებულია პერიოდულ სამეცნიერო გამოცემაში “The New England Journal of Medicine”.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კიბო გავრცელების მიხედვით მესამეა ავთვისებიან სიმსივნეებს შორის. პროფილაქტიკა წარმოებს 50 წელზე მეტი ასაკის პირთა გამოკვლევით. ასეთი გამოკვლევის სირთულე ჩვეულებრივი კოლონოსკოპიის პროცესის მტკივნეულობაში მდგომარეობს, რის გამოც პაციენტების უმრავლესობა თავს არიდებს აღნიშნულ პროცედურას.

31მმ სიგრძისა და 11მმ სიგანის ახალ ”მინი-ზონდს” სამედიცინო ტექნიკის მხოლოდ ერთი სპეციალიზებული საწარმო უშვებს. ზონდი იკვებება მიკრობატარეით და მისი ტრაქტში გადაადგილება ხდება ბუნებრივი პერისტალტიკისა და გამოსაკვლევი ორგანიზმის კუნთოვანი შეკუმშვის საშუალებით. კუჭში მოხვედრის შემდეგ ”მინი-ზონდი” აგზავნის წამში 4 გამოსახულებას, რომელსაც იღებს პაციენტზე მიმაგრებული მიკრო-მიმღები მოწყობილობა. 10 საათის შემდეგ (ბატარეის მოქმედების ხანგრძლივობა) ”მინი-ზონდი” გამოაქვთ ორგანიზმიდან.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალი მოწყობილობა უფრო ძვირია ჩვეულებრივ კოლონოსკოპიასთან შედარებით, მეცნიერებს სჯერათ, რომ მალე იგი გახდება კვლევის ჩვეულებრივი საშუალება, რადგან უფრო ზუსტია და თან, ამავე დროს, არ იწვევს მტკივნეულობის შეგრძნებას. მომავალში გამოკვლევის ჩატარება ისეთივე მარტივი იქნება, როგორც ჭიქა წყლის დალევა, აღნიშნავენ მკვლევარები.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий